logo
eng geo

საგრანტო პროექტები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტები

მიმდინარე

1. FR-22-4765 - ქ. ქუთაისის ატმოსფეროში PM2.5 და PM10-ის გავრცელების გამოკვლევა ექსპერიმენტული დაკვირვებებითა და კომპიუტერული მოდელირებით - გარემოს გაჭუჭყიანება

ანოტაცია:ანოტაცია: მიკრონაწილაკები უმცირესი მყარი და თხევადი მიკრო ნაწილაკები, რომელთა ზომები არ აღემატებიან 2.5 და 10 მიკრომეტრს, Particulate Matter 2.5 (PM2.5) და Particulate Matter 10 (PM10) შესაბამისად, არიან ატმოსფერული ჰაერის მეტად საშიში დამბინძურებელი აეროზოლები. საქართველოში PM2.5 და PM10 - ის მონიტორინგი იწყება 2018 წლიდან და დღეისთვის მიმდინარეობს სამ ქალაქში. ისინი არ შედიან მსოფლიოსა ძლიერ დაბინძურებულ ქალაქების რიცხვში, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში მიკრონაწილაკების კონცენტრაციები ამ ქალაქებში აჭარბებენ ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას. ასეთ ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება ქ. ქუთაისი. ის არის საქართველოს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სატრანსპორტო ცენტრი.

2. FR-23-6375 - ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოსისტემების და სასურსათო პროდუქტების მანგანუმით დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენების რისკების მინიმიზაცია ნიადაგის დეგრადაციის შემცირების მიზნით - გარემოს გაჭუჭყიანება

ანოტაცია: საქართველოში, ეკოლოგიის მდგომარეობის მხრივ ერთ-ერთი მოწყვლადი ადგილია ჭიათურის მუნიციპალიტეტი, რომელიც მდებარეობს ზემო იმერეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ყვირილას ხეობაში. მუნიციპალიტეტის მთავარ პრობლემას კლიმატის ცვლილების ფონზე, წარმოადგენს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების (მეწყრები, ღვარცოფები, წყალდიდობა, ქარები, ეროზია და სხვა) გააქტიურება, რასაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში სამთო-მოპოვებითი საქმიანობის (მარგანეცის წარმოება) ინტენსიფიკაცია. მადნის მოპოვება მრავალ წინააღმდეგობრივ საკითხს უკავშირდება. ერთი მხრივ, ის შემოსავლის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყაროა. თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ჭიათურაში მადნის მომპოვებელი შახტები და ღია კარიერები განლაგებულია მდინარის პირზე და მადნის გასარეცხად იყენებენ მდინარე ყვირილას წყალს, რის შედეგადაც მდინარე საგრძნობლად ბინძურდება. მადნის რეცხვის პროცესში წარმოქმნილი საწარმოო ჩამდინარე წყალი, დიდი რაოდენობით შეიცავს შეწონილ ნაწილაკებს, მძიმე ლითონებს, მანგანუმის ნაერთებს და გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდ. ყვირილაში. გარდა ამისა, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე განთავსებულ სანაყაროზე დასაწყობებულია დაახლოებით 805 845 ტონა აგლომერატი, რომელიც საშუალოდ შეიცავს 15.4% მანგანუმს. ნალექების ზემოქმედებით აგლომერატი ჩაირეცხება მდ. ყვირილაში და იწვევს მის დამატებით დაბინძურებას. პროექტი ითვალისწინებს მანგანუმით დაბინძურებული ეკოსისტემების კვლევას და ამ მხრივ რისკების მინიმიზაციას ჭიათურის მინიციპალიტეტში.

3. FR-22-2882 - საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების კვლევა საქართველოს ტერიტორიაზე - მეტეოროლოგია

ანოტაცია: პროექტის მიზანია საქართველოში სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექი, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი,სეტყვა, ნისლი) კლიმატური მახასიათებლების (დღეთა რიცხვი, ინტენსივობა, არეალები, განმეორებადობა, ხანგრძლივობა) გამოკვლევა. საქართველოსთვის შედგება ამ მოვლენათა მონაცემთა ბაზა 1973-2022 წლების პერიოდისთვის. შემუშავდება ინტენსივობის, დღეთა რიცხვის, განმეორებადობის გეოინფორმაციული რუკები. დადგინდება საკვლევი საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების ძირითადი არეალები, მათი ხანგრძლივობა და გამოვლინდება ამ მახასიათებლის გეოგრაფიული კანონზომიერებები.

4. FR-23-8279 - ისტორიულ-არქიტექტორული მემკვიდრეობის გრძელვადიანი დაცვის შენარჩუნების მექანიზმების მეთოდოლოგიის შემუშავება კლიმატის ცვლილების პირობებში - გარემოს გაჭუჭყიანება, კლიმატოლოგია

ანოტაცია: პროექტის მიზანია კონკრეტული, განსხვავებულ ანთროპოგენული დატვირთვის ქვეშ მყოფი (ურბანული და რურარული), მსგავსი ტიპის ისტორიული ძეგლების ეტაპობრივი დეგრადაცია/ნგრევის მიზეზების კომპლექსური შესწავლას შემდგომი შემარბილებელი ღონისძიებებისა და გრძელვადიანი დაცვის მექანიზმის მეთოდოლოგიის შემოთავაზებით. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნება ჩვენი ქვეყნის ორი, მკვეთრად განსხვავებულ რეგიონი და იქ არსებული რამოდენიმე ტაძარი, კერძოდ: რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი (800-4462 მეტრი ზღვის დონიდან), რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზის მქონე და ტურისტებისათვის საინტერესო მხარეთ, სადაც განლაგებულია და შესაბამისად შესწავლილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი ტაძრები როგორებიცაა ნიკორწმინდა და ბარაკონი (XI - XVIII საუკუნეების ნაგებობები). ქ. თბილისი - ქვეყნის დედაქალაქი (380-600 მეტრი ზღვის დონიდან), სადაც კვლევაში ჩართული იქება ტაძრები (სიონისა და ანჩისხატის ტაძრები), რომლებიც მიეკუთვნებიან VI - VII საუკუნეების პერიოდს. პროექტის მიზნის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი ამოცანები: საკვლევი ობიექტების ვიზუალური და გეომორფოლოგიური მდგომარეობის შეფასება; შერჩეული ძეგლების ფასა-დიდან აღებული სამშენებლო მასალების ნიმუშების ფიზიკურ-ქიმიური, მინერალოგიური და მექანიკური კვლევა; მეტეოროლოგიური პარამეტრების დადგენა, ატმოსფერული ნალექების ფიზიკურ-ქიმიური კვლევა; ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მონაცემთა არქივის დამუშავება და შესაბამისად მეტეოროლოგიური/კლიმატური პარამეტრების მრავალწლიური მონაცემთა ბაზის შექმნა; მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შერჩეული ისტორიულ-არქიტექტორული მემკვიდრეობის დეგრადაციის მიზეზების დადგენა და თანამედროვე კლიმატურ პირობებზე მორგებული ახალი სენსიტიური გრძელვადიანი დაცვის მექანიზმის მეთოდოლოგიის შემუშავება.

5. GSDP-25-413 - „ქვაში ნაკვეთი ქართული სული ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პერსპექტივები კლიმატის ცვლილებებისა და სოციალურ-პოლიტიკური გავლენის პირობებში”

ანოტაცია: ქართული ტაძრები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია თურქეთის ტერიტორიაზე, მრავალმხრივ ასახავს შუა საუკუნეების ქართულ კულტურულ და ისტორიულ თავისებურებებს და წარმოადგენს უნიკალურ ეროვნულ მემკვიდრეობას, რომელთა სამეცნიერო კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბუნებრივი და ანთროპოგენული გარემო ფაქტორების თანამედროვე პირობებში. შუა საუკუნეების ბწრყინვალე ქართული მონასტრების ნამდვილი სავანე, საქართველოს ისტორიულ მხარეს, ტაო-კლარჯეთის სამთავროს ეკუთვნის. 1921 წელს ის საბოლოოდ გახდა თურქეთის ტერიტორია და შესაბამისად ისეთი ხუროთმოძღვრების შედევრები, როგორებიცაა IX საუკუნის ხანძთის ტაძარი, VII საუკუნის იშხანი, X საუკუნის ოშხისა და ოთხთა ეკლესიები და სხვა, საქართველოს ტერიტორიის მიღმა აღმოჩნდა. სწორედაც წარმოდგენილი ნაშრომი გულისხმობს ამ ოთხი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლების კვლევას. ის ინტერდისციპლინური კვლევა, რომელიც უნდა ჩატარდეს მოცემულ პროექტის ფარგლებში, გააერთიანებს ქვეყნის გარეთ მდებარე ქართული ტაძრების არქიტექტურულ-ისტორიულ, ფიზიკურ-ქიმიურ და ეკოლოგიურ ანალიზს, რის შედეგადაც მივიღებთ იმ მრავალ კითხვაზე პასუხს რაც არსებობს ამ ძეგლების გარშემო. ანალიტიკური მეთოდების (XRD, SEM, FTIR და სხვა) გამოყენებით ჩტარდება ქვეყნის გარეთ მდებარე ამ ოთხი ძატრის სამშენებლო მასალების კვლევა, რომელიც ახსნის ამ მასალების დეგრადაციის მიზეზების ღრმა მეცნიერულ ინტერპრეტაციას. ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე მსგავსი ანალიზი არ ჩატარებულა და იგი იძლევა საფუძველს ტაძრების გრძელვადიანი შენარჩუნების სტრატეგიული გეგმების შემუშავებისა და დეგრადაციის პრევენციის მექანიზმების დასახვისათვის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული კვლევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართულ-თურქულ კულტურულ თანამშრომლობას. იგი გააერთიანებს მეცნიერებას, კულტურულ დიპლომატიას და პოლიტიკას, რაც კვლევას ანიჭებს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობას და ზრდის მისი შედეგების გამოყენებადობას გლობალურ სამეცნიერო და კულტურულ სივრცეში.

6. FR-24-223 - ქ.ბათუმისა და მისი შემოგარენის ატმოსფეროს მიკროაეროზოლებით დაბინძურების გამოკვლევა და დიაგნოსტიკური პროგნოზი.

ანოტაცია: ჰაერში მიკრო მაწილაკების PM2.5 და PM10-ის კონცენტრაციების განსაზღვრა და სივრცული განაწილების შესწავლა ატმოსფეროს დაბინძურების მონიტორინგის აქტიურ პრობლემას წარმოადგენს. მოკროაეროზოლები თავისუფლად აღწევენ ადამიანთა შინაგან ორგანოებში, იწვევენ გულ-სისხლ-ძარღვთა, სხვა რიგ მძიმე დაავადებებს და თვით სიკვდილსაც კი. პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო - გამანჯანსაღებელი ცენტრებისათვის - ისეთებისთვის, როგორიცაა ქ. ბათუმი. ქ. ბათუმში PM2.5 და PM10-ის კონცენტრაციებზე რეგულარული ოპერატიული დაკვირვება წარმოებს ორ სადამკვირვებლო პუნქტში. ოპერატიული მონაცემების ანალიზის თანახმად მიღებულია, რომ 2025 წლის იანვარ - ნოემბრის განმავლობაში ტ. აბუსერიძის (აბ) ქუჩაზე მდებარე სადამკვირვებლო პუნქტში PM2.5 საშუალო დღიური კონცენტრაციის მნიშნელობები იცვლებოდა 1.9 - დან 58.0 მკგ/მ3 - მდე, ცენტრალური პარკის (ცპ) მიდამოებში - 0.1-დან - 54.6 მკგ/მ3-მდე. PM10-ის კონცენტრაციის მნიშვნელობები იცვლებოდა 5.0 -დან 104.0 მკგ/მ3-მდე (აბ) და 1.5 - 104.5 მკგ/მ3-მდე (ცპ). PM 2.5 და PM10-ის კონცენტრაციების ზდკ-ზე გადაჭარბებას ადგილი ქონდა 23 და 32-ჯერ (აბ)-ის, 23 და 22 (ცპ)-ის მიდამოებში. კონცენტრაციათა შეფარდება PM10/ PM2.5 იცვლება 1.0 და 4.2-ს შორის. აღსანიშნავია PM2.5 და PM10-ის კონცენტრაციებს შორის მაღალი კორელაციის არსებობა. კორელაციის კოეფიციენტის მნიშვნელობები ორივე სადამკვირვებლო პუნქტში მხოლოდ 2-2 ჯერ იყო 0.75 და 0.8 -ს შორის, დანარჩენ შემთხვევებში ისინი ≥ 0.9-ის. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ქ. ბათუმის ატმოსფერული ჰაერის PM-ით დაბინძურება ხორციელდება ერთი და იმავე წყაროს, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტის მიერ. 2025 წლის ზაფხულის სეზონში, ქალაქისა მისი შემოგარენის ტერიტორიაზე 50 პუნქტში ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ მიკრო ნაწილაკების საშუალო დღიური კონცენტრაციები ძირითადად დასაშვები ნორმის ფარგლებშია. ჰაერის ხარისხი შეიძლება შეფასდეს როგორც საშუალო და კარგი. კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობაზე გადაჭარბებას ადგილი აქვს მხოლოდ ცალკეულ პუნქტში სადაც, მიმდინარეობდა საგზაო-სარემონტო და სხვა სამრეწველო სამუშაოები.

დასრულებული

1. SR-23-620 - საქართველოში მდინარეთა ხეობების ჩახერგვებითა და დაგუბებებით წარმოშობილი ტბების კატალოგი - ჰიდროლოგია;

რეზიუმე: შედგენილია კატალოგი რომელიც მოიცავს მდინარეების ხეობების ჩახერგვის შედეგად დაგუბებული ტბების კლასიფიკაციას. კატალოგში ზოგადად არის დახასიათებული საქართველოს ტბები. განხილულია მდინარეთა ხეობების კლდეზვავებით, მეწყერებით, მყინვარული გამონატანით, ზვავებით და სხვა მოვლენებით ჩახერგვასთან დაკავშირებული დაგუბებული ტბები. აღწერილია მათი მდებარეობა, ძირითადი მორფომეტრული მახასიათებლები, წარმოშობის თავისებურებანი და გავრცელების კანონზომიერებანი. ტექსტურ ნაწილთან ერთად მოცემულია სქემები, დიაგრამები და ფოტომასალები.

2. SP 23-917 - ამინდის და კლიმატის შესწავლა ანსამბლური მეთოდის გამოყენებით მთის მდგრადი განვითარებისათვის - მეტეოროლოგია;

რეზიუმე: მონოგრაფია ამინდის და კლიმატის შესწავლა ანსამბლური მეთოდის გამოყენებით მთის მდგრადი განვითარებისათვის არის მსოფლიოში ცნობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ერთობლივი პროდუქტი, რომელშიც კომპლექსურადაა შესწავლილი მთიან პირობებში ამინდის წამოქმნის, ცვალებადობისა და კლიმატის ცვლილების საკითხები; აგროკლიმატური რესურსების შეფასება, გლობალური დათბობის გათვალისწინებით; მაღალმთიან აგროკლიმატურ პირობებში ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარების ასპექტები, რაც მის ღირებულებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას წარმოადგენს. ნაშრომის სამეცნიერო ღირებულებას წარმოადგენს აგრეთვე ის, რომ მასში წარმოდგენილია საქართველოში პირველად კომპლექსურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახლებურად შესწავლილი ამინდის ცვლილების კანონზომიერებები და კლიმატის მიმდინარე ცვლილების ტენდენციები მრავლწლიური მონაცემების დამუშავების საფუძველზე. დედამიწის სადამკვირვებლო მისიის (Earth Observing Mission) თანამგზავრული დაკვირვების მონაცემების გამოყენებით გამოვლენილია ამინდის ცვლილების მაპროვოცირებელი ფაქტორები. ამინდის შესწავლისთვის შემოტანილია ახალი ინდექსები როგორიცაა გეომაგნიტური ინდექსები, სრული ელექტრონების შემცველობა, თერმოსფეროს კლიმატური ინდექსი. თანამგზავრული დაკვირვების მონაცემები საშუალებას იძლევა ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები უფრო დეტალურად და ახლებურად შეფასდეს. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა ითვალისწინებს კლიმატური პარამეტრების მოსალოდნელ ცვლილებას და ხელს უწყობს ისეთი ფერმერული მიდგომების დანერგვას, რომელიც შეცვლილ პირობებს შეესაბამება და ზრდის მოსავლიანობას. მონოგრაფია შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო (სასწავლო მასალა) მსგავსი პროფილის უნივერსიტეტების ფაკულტეტებზე. სასურველია ეს იყოს დედამიწის შემსწავლელი და აგრარული მეცნიერებების პროგრამის გაფართოვების წინაპირობა.

3. FR-21-12546 - მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ნაჟური წყლების კომპლექსური გასუფთავების შესწავლა ნახშირბადოვანი ნანომასალის გამოყენებით ნარჩენების მართვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით - გარემოს გაჭუჭყიანება;

რეზიუმე: კვლევის მიზანი იყო ისეთი მეთოთოლოგიის შემუშავება, რომელიც იქნება ორიენტირებული ღია ტიპის ნაგავსაყრელებზე წარმოქმნილი ნაჟური წყლების კომპლექსურ, ხელმისაწვდომ და ეფექტურ ალტერნატიულ გაწმენდაზე საკანონმდებლო რეგულაციებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად, არამარტო ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ - მსგავსი ტიპის ნაგავსაყრელების მქონე ქვეყნებისთვისაც. შემოთავაზებული კვლევის მთავარი ამოცანა იყო - ნაგავსაყრელზე არსებული სალექარების ბაზაზე ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს უკუოსმოსის არიდებით ნაგავსაყრელი სხეულიდან გამოსული ნაჟური წყლის გასუფთავებას და სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად გასუფთავებული წყლის მუნიციპალურ არინების სისტემაში ჩაშვებას. ასევე, შესწავლილია გამოყენებული ნახშირბადოვანი ნანომასალის უსაფრთხო რეგენერაციის გზები მისი სორბციული თვისებების აღდგენის მიზნით. ჩვენი კვლევის მეთოდოლოგიის მთავარი მიზანი იყო - ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დაცვა და განვითარება, რაც გულისხმობს ისეთი რთული საკითხის გადაჭრას, როგორიცაა ძალზე გაბინძურებული წყლების უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და განახლებადი გამწმენდი სისტემების შემუშავება საერთაშორისო და ეროვნული გარემოდაცვითი რეგულაციების გათვალისწინებით.

4. STEM-22-759 - ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გაძლიერება წყალგამწმენდ ნაგებობაზე წარმოქმნილი ნარჩენების აგროსექტორში გამოყენების მეთოდოლოგიის შემუშავების გზით - გარემოს გაჭუჭყიანება;

დღეისათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ნარჩენების მართვის პროცესის ჰარმონიზება ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე და მათ მეორად გამოყენებაზე. ეს თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია წრფივი ეკონომიკიდან ცირკულარულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასვლასთან და მართვის ახალი ეკონომიკური მოდელების გამოყენებასთან. საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა წარმოუდგენელია ისეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსის არარაციონალური მართვის პირობებში, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე - წყალი. აღსანიშნავია და ამავე დროს ნაკლებად ხსენებული, რომ ჩამდინარე (ნახმარი) წყლების გამწმენდ ნაგებობაზე წარმოქმნილი ლამი უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ნარჩენების ერთ-ერთი სახეობა და შესაბამისად მრავალკომპონენტიანი ნარევი, არამედ როგორც სასარგებლო რესურსი სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს და შენდება/დაპროექტებულია ჩამდინარე (ნახმარი) წყლების გამწმენდი ათობით ნაგებობა, ამასთან სამწუხაროდ ქვეყანაში არ არსებობს ლამის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მარეგულირებელი ეროვნული დოკუმენტი, შესაბამისად არ არსებობს გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული ლამის მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლებიც უდაოდ დაფუძნებული უნდა იყოს მეცნიერულ შეფასებაზე და ისინი ამ ეტაპზე არ განხორციელებულა. აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად, ჩვენი კვლევის შედეგია - ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად, საქართველოს სპეციფიკიდან (ეკონომიკური და სოციალური ასპექტები) გამომდინარე, სამეურნეო/კომერციული, საყოფაცხოვრებო და ქუჩის ნარეცხი ჩამდინარე (არინების სისტემაში მოხვედრილი) წყლების გარდაბნის წყალგამწმენდ ნაგებობაზე დამუშავების შედეგად გენერირებული ნარჩენის (ლამის) რაციონალური და უსაფრთხო გამოყენების მეთოდოლოგია აგროსექტორისთვის.

5. STEM-22-1751 - ბუნებრივი პოლისაქარიდების საფუძველზე უსაფრთხო, ბიოდეგრადირებადი, უნივერსალური, ბიონანოკომპოზიტური ახალი თაობის მიკროსასუქების შემუშავება, მომავლის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით - გარემოს გაჭუჭყიანება.

რეზიუმე: პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი უნივერსალური ტროფიკული დაბალი დოზით მანგანუმშემცველი ბიონანოკომპოზიტები, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივ პოლისაქარიდებზე (კარაგინანები (მ.შ. κ-კარაგინანი, l-კარაგინანი), სახამებელი) მიკროსასუქების მიზანმიმართული მიწოდებისთვის და მცენარეთა დაცვისთვის. პროექტი ფოკუსირებული იყო მანგანუმშემცველი შედგენილობის ნანო-ნივთიერებების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარეების მიერ სასუქების უკეთეს შეწოვას უსაფრთხო დოზებით. ასეთი ორგანო-მინერალური სასუქები შესაძლებელს ხდის უფრო მაღალი მოსავლიანობის მიღებას და, შენელებული მოქმედების გამო, ნიადაგიდან მიკროელემენტების გამორეცხვისადმი მდგრადობას, ხოლო საკვები ნივთიერებების უკეთესი შეწოვა, ასევე, ამცირებს მათ დანაკარგს გარემოსთვის. უდავოა, რომ ყველაზე უსაფრთხო და ეკო-მეგობრული მიდგომა ეფუძნება ბიონანოკომპოზიტების სინთეზისთვის ბუნებრივი ბიოთავსებადი და ადვილად ბიოდეგრადირებადი პოლისაქარიდების ნაერთების გამოყენებას. თავის მხრივ, მიღებულ ნანოკომპოზიტებს აქვთ თვისებების სინერგია მცენარეების განვითარებისა და მათი დაცვის სტიმულირებისთვის, კერძოდ, ანტიბაქტერიული ეფექტები ფიტოპათოგენების წინააღმდეგ და, ასევე, არატოქსიკურია ნიადაგის ბუნებრივი მიკრობიომისთვის. მიღებული შედეგები საინტერესოა სოფლის მეურნეობისთვის ნანოქიმიის ახალი სფეროების შემდგომი განვითარებისთვის.

6. FR-21-1677 - საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები - ჰიდროლოგია, კლიმატოლოგია.

რეზიუმე: ზვავსაშიშროების კვლევის ძირითადი მიზანი ქვეყნის მთიანი რეგიონების მოსახლეობისა და ეკონომიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებისათვის კი აუცილებელია ზვავსაშიში დასახლებული ტერიტორიების თუ ცალკეული ობიექტების გამოვლენა და მათთვის საშიში ზვავშემკრებების მორფომერტიული და ზვავების დინამიკური მახასიათებლების დადგენა. ჩვენს შემთხვევაში კვლევის საგანს წარმოადგენდა ისეთი ზვავსაშიში ობიექტები, როგორიცაა საქართველოს მთიანი რეგიონების საავტომობილო გზები (13 საავტომობილო მონაკვეთი). რომელთაც განსაკუთრებული სტრატეგიული და ეკონომიკური დანიშნულება აქვთ და რომელთა შეუფერხებელი ექსპლუატაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. პროექტის მიზანი იყო საქართველოში მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების გამოკვლევა. შეიქმნა საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მონაცემთა ბაზა, ჩატარდა მათი სტატისტიკური ანალიზი. თითოეული საგზაო მონაკვეთისთვის შეიქმნა ზვავსაშიშროების სქემატური რუკა. დადგინდა ზვავების ძირითადი არეალები, ხანგრძლიობა და გამოვლინდა ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებები. შეფასდება საკვლევ მონაკვეთებზე ზვავების ჩამოსვლის მრავალწლიური ცვლილების ტენდენციები. მოხდა ზვავწარმოქმნის მოსალოდნელი რისკების შერბილების რეკომენდაციების განსაზღვრა. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ზვავების ნეგატიური ზემოქმედების შერბილებისათვის. ზვავების ჩამოსვლის მრავალწლიური ცვლილების ტენდენციების ცოდნა კი საშუალებას მოგვცემს ვიწინასწარმეტყველოთ მოსალოდნელი სტიქიური უბედურების სიმძიმე. პრევენციულ ღონისძიებებში კვლევის შედეგების გათვალისწინება და პრაქტიკული გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ტყის და საკურორტო სექტორებში, ტურიზმში, ეკონომიკაში, ტრანსპორტის ფუნქციონირებაში, ტაქტიკური და სტრატეგიული ამოცანების დაგეგმვასა და განხორციელებაში. შემუშავებული გეოინფორმაციული რუკები გამოყენებული იქნება რეგიონული ატლასებისა და მონოგრაფიების შედგენისას, რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისას. მიღებული შედეგების, რუკების და მონაცემთა ბაზის გამოყენება მოხდება სასწავლო პროცესში. .

7. OTG-I-24-456 - ცხინვალის რეგიონის და მიმდებარე ტერიტორიების კლიმატის ცვლილების და მისგან გამოწვეული რისკების შეფასება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით - კლიმატოლოგია.

რეზიუმე: წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიების კლიმატის ცვლილების შესაფასებლად დაგეგმილია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, ევროპის კლიმატზე დაკვირვების სისტემის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დადგინდება კლიმატური პარამეტრების ექსტრემალური მნიშვნელობების სიდიდის, სიხშირისა და ინტენსივობის ცვლილების კანონზომიერებები.

8. FR-21-427 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია - გარემოს გაჭუჭყიანება.

რეზიუმე: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში კომპლექსური კვლევა ბუნებრივი წყლებში, ნიადაგებსა და სასურსათო პროდუქტებში დარიშხანის კონცენტრაციის დონის გამოვლენისა და შეფასებისთვის, აგრეთვე ფიტორემედიაციის ჩატარებისთვის.

9. FR-21-1996 - ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მყინვარების დეგრადაციის კვლევა და "საქართველოს მყინვარების ელექტრონული ატლასის” შექმნა - გლაციოლოგია.

რეზიუმე: პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მყინვარული აუზების კომპლექსურ კვლევას, მყინვარების მახასიათებლების დადგენას (მყინვარების კონტურები, მყინვარების ფართობები, ზოგადი ექსპოზიცია, მორფოლოგიური ტიპები, მყინვარის სიგრძე, მაქსიმალური და მინიმალური სიმაღლე, ფირნის ხაზის სიმაღლეები, აკუმულაციის და აბლაციის არეების ფართობები,) და ამის საფუძველზე საქართველოს მყინვარების ატლასის შექმნას.

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ შესრულებული საგრანტო პროექტები (2000-2012 წწ.)

# წელი დასახელება დონორი
1 2000 ყულევის ტერმინალ 2000-ის და თბილისი-ფოთი სარკინიგზო მაგისტრალის ტერმინალთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ავარიული დაღვრების მათემატიკური მოდელირება “Caspian TransCoInc”
2 2000 საქართველოს ტერიტორიაზე თენგიზის საბადოს (ყაზახეთი) ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტირებისას გარემოზე ზემოქმედების შეფასება Aztransoilco
3 2000-2003 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი:"მეცნიერება მშვიდობისათვის – შავი ზღვის გარემოს პროგნოზი (მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა)" NATO
4 2002 ბაქო-სუფსის მილსადენის #15 საქაჩი სადგურისათვის ეკოლოგიური უსაფრთხოობის გამოკვლევა და შემარბილებელი ღონისძიებების და სხვა Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline Company
5 2002 მინიმალური ტემპერატურების კლიმატური შესწავლა აზერბაიჯანი საქართველო თურქეთის მილსადენის დერეფნის საქართველოს მონაკვეთის გასწვრივ და მათი გავლენა ტემპერატურულ ველზე BP Exploration(Caspian Sea) LTD
6 2002 აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მილსადენის დერეფნის საქართველოს მონაკვეთის კლიმატური დახასიათება “Zenith-Gammaconsulting”
7 2002-2004 “მდინარეების ერთობლივი მონიტორინგი სამხრეთ კავკასიაში” TACIS
8 2002-2003 საქართველოს მდინარეებზე წყალდიდობების და წყალმოვარდნების სიხშირისა და რისკ-ფაქტორის შეფასება რეგიონალური კლიმატის ცვლილების ფონზე GPC
9 2003-2005 NATO და OSCE ერთობლივი პროექტი - 977991 მეცნიერება მშვიდობისათვის “მდინარეების მონიტორინგი” NATO და OSCE
10 2004 ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის ჯგუფური გრანტი, ეკოლოგიური პროექტი-8 სოროსის ფონდი
11 2004-2005 “წყლის ხარისხის სფეროში ნორმატიული ბაზის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნებში” DAI
12 2005 “მდგრადი ორგანული ნაერთების ინვენტარიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე” UNDPS
13 2006-2007 ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფა ევროპაში შავი ზღვის კომისია– QUASIMEME
14 2006-2009 Investigation of Pollution by Radionuclides, Toxic Elements and Greation of the Radiation and Hydrocemical Monitoring system of the R. Kura Basin in Georgia. Project Agreement # G. 1294 ISTC
15 2010 დედოფლისწყაროს რაიონის ლანდშაფტურ-დარგობრივი დაგეგმარება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ)
16 2011 კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო ღონისძიებების განსაზღვრა და გან ხორციელება სამხრეთ კავკასიის არიდულ და სემი-არიდულ ეკოსისტემებში აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად. (REC CAVCASUS)
17 2010-2011 საერთაშორისო პროექტი -კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება” CENN
18 2011 საერთაშორისო პროექტი - კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო ღონისძი ებების განსაზღვრა და განხორციელება სამხრეთ კავკასიის არიდულ და სემი-არიდულ ეკოსისტემებში აგრობიო მრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად REC CAVCASUS
19 2012 ძლიერი სოფელი და მოქნილი მართველობა. აგროკლიმატური ზონების ცვლილება ხელვაჩაურში და ქედაში CCADM
20 2012 ძლიერი სოფელი და მოქნილი მართველობა. აგროზონები და აგროსეზონები CCADM
21 2012 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება USAID, CENN